Accentnews.ge
ანკარა: „იერუსალიმი ჩვენთვის წითელი ხაზია"

ანკარა: „იერუსალიმი ჩვენთვის წითელი ხაზია"

29/01/2020 06:08:14 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას არ ეთანხმებიან. როგორც ანკარაში აცხადებენ, „არ დაუჭერენ მხარს გეგმას, რომელიც პალესტინისთვის მიუღებელია“.

„ე.წ. სამშვიდობო გეგმა მკვდრადშობილია. ეს არის ანექსიის გეგმა, რომელიც მიმართულია პალესტინური მიწების უზურპაციისკენ და ორი სახელმწიფოს იდეის განადგურებისკენ. პალესტინელი ხალხისა და მისი მიწის ფულით ყიდვა არ შეიძლება“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „იერუსალიმი არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც დაუშვებელია“.

თურქეთის დასკვნით, „ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, სანამ ბოლო არ მოეღება ოკუპაციის პოლიტიკას“.

პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადეს საუდის არაბეთმა და იემენმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის პრესსპიკერის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გეგმა პოზიტიური და „წინ გადადგმული ნაბიჯია.“ გეგმას მიესალმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

განცხადება გააკეთეს გაეროშიც. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც აფიქსირებს მხარდაჭერას დაეხმაროს პალესტინელებს და ისრაელს, რომ კონფლიქტის მოგვარება მოახდინონ გაეროს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე და გააცნობიერონ ორი სახელმწიფოს ხედვა - ისრაელის და პალესტინის, რომლებიც გვერდი-გვერდ მშვიდობიანად იცხოვრებენ“,-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრეცლებულ განცხადებაში.

ირანის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, „ეს არის გარიგება სიონისტურ რეჟიმსა და ამერიკას შორის. ეს არ არის სამშვიდობო გეგმა, ეს გაცურებისა და სანქციების გეგმაა“.

იორდანიაში „პალესტინის მიწების ანექსიაზე“ საუბრობენ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ისრაელის ცალმხრივ ზომებს სახიფათო შედეგები მოჰყვება“. ამასთან, სამეფოში ასობით ადამიანი ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბა, სადაც დემონსტრანტები შემდეგ სიტყვებს სკანდირებდნენ: „არა ნორმალიზაციას“, „ჩვენ არ ვაღიარებთ ისრაელს“.

კომენტარები გაკეთდა ეგვიპტეშიც. ოფიციალური კაირო ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს ყურადღებით შეისწავლონ აღნიშნული გეგმა, რომელიც მხარს უჭერს „პალეტინელი ხალხის კანონიერ უფლებებს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე“.

დონალდ ტრამპმა 28 იანვარს წარმოადგინა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა, რომელიც ემყარება „ორი სახელმწიფოს“ ცნობილ პრინციპს და დაპირისპირების შეწყვეტის სანაცვლოდ ითვალისწინებს ასევე პალესტინის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, 50 მილიარდი დოლარის მოცულობის, ფინანსურ დახმარებას.

გეგმის თანახმად თითქმის ორჯერ იზრდება პალესტინის გეოგრაფია, თუმცა პალესტინამ უარი უნდა თქვას ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იერუსალიმზე.

როგორც ტრამპმა განაცხადა, 80-გევრდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სამშვიდობო გეგმის რეალიზების ყველა დეტალი.

სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციაზე თეთრ სახლში იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევევ აშშ-ის და ისრაელის მთავრობის წევრები.

ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას, პალესტინელებმა კი დაგმეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S