იუკნევიჩიანე: დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან
03/09/2024 07:53:03 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთასებელია ერთმანეთთან".
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, არამედ იყო ქართველი ხალხის წახალისება:
„მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა - ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მხიბლავს, მომწონს ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს უფრო მეტად იყო ქართველი ხალხის წახალისება, არ დანებდნენ. იმის თქმა, რომ ჩვენ ერთად ვართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, არ არის გამორიცხული, გადაიხედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხიც:
„არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა, შევიკავოთ თავი იმისგან, რომ არ გავმართოთ დებატები, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის საკითხზე თუკი აქ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ეს რთული იქნება, მაგრამ პირადად მე დავიწყე ამაზე ფიქრი“.
მისი თქმით, საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა რეფორმების და სხვა საკითხების კუთხით და ნამდვილად საკვირველია, რომ ახლა ამ რეგიონში სომხეთი უფრო წინ დგას, ვიდრე საქართველო.


