წილოსანი: პარტიების აკრძალვა დემოკრატიული სახელმწიფოების დაცვის მექანიზმია
03/09/2024 10:17:49 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ენმ-ის გასამართლებას "ქართველი ხალხი 2012 წლიდან ითხოვს" და რომ „მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ჩვენი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებაა".
"კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას" ბრალი მიუძღვის ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე, როგორც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო და ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას და ამის ფონზე ისინი რომ ისევ პოლიტიკაში რჩებიან, დაუშვებელია", - განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, "მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენს შემთხვევაში ვერ გახდება შეცხადებისა და კრიტიკის საფუძველი, მიუხედავად არაერთი მცდელობისა".
ის ამბობს, რომ პარტიების აკრძალვა დემოკრატიული სახელმწიფოების დაცვის არაერთგზის გამოცდილი და აღიარებული მექანიზმია, რომელსაც უკვე ათწლეულებია, მსოფლიო პრაქტიკა იყენებს.
„უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს აქვთ ვალდებულება, აკრძალონ პოლიტიკური პარტიები, თუკი ისინი იყენებენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და/ან ძირს უთხრიან ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს. პარტიების აკრძალვა ევროპის 37 ქვეყნიდან 20-ში უკვე მოხდა.
დღეისათვის ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევაა, სტრასბურგის სასამართლოს ამ დრომდე განხილული აქვს ოცდასამი საქმე პარტიების დახურვის შესახებ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის კი, უკრაინაში აკრძალულია 22 პარტია, საფრანგეთში - 13, რუმინეთში - 9, სია ვრცელია და მოიცავს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მოლდოვა და სხვა. უკრაინის შემთხვევის განხილვა შესაძლოა დემოკრატიის ხარისხის კუთხით არ იყოს საუკეთესო მაგალითი, თუმცა თავად ციტირებენ ამ ქვეყნის პროცესებს და მეც მოგახსენებთ, რომ ამ მათთვის სამაგალითო ქვეყანაში, 22 პარტია იქნა აკრძალული წლების განმავლობაში კონსტიტუციის ნორმებთან წინააღმდეგობაში მოსვლის გამო. უკანასკნელი მსგავსი აქტივობა უკრაინამ ბოლო 2 წლის მანძილზე განახორციელა, კერძოდ, პრორუსულობის მიზეზით აკრძალა პარტიები",- აღნიშნა ნინო წილოსანმა.


