თურქეთში სექსუალური მოძალადეები მსხვერპლის ცოლად მოყვანის შემთხვევაში შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ
29/01/2020 07:20:32 მსოფლიო
თურქეთი ემზადება ახალი კანონის მისაღებად, რომელიც არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის დამმყარებელ და სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ მამაკაცებს პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. თუ მოძალადე მსხვერპლს ცოლად მოიყვანს, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება.
კანონპროექტი თურქეთის პარლამენტში უკვე წარადგინეს, მისი განხილვა უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.
კანონის მოწინააღმდეგეები, კერძოდ, სახალხო ოპოზიციური პარტია კანონპროექტის განხილვაზე უარის თქმის შესახებ მოწოდებებით გამოდიან. მათი განმარტებით, მიღების შემთხვევაში ეს კანონი სექსუალურ ძალადობას ლეგალურად აქცევს და სექსუალური მიზნით არასრულწლოვანთა ექსპლუატაციას მისცემს ბიძგს.
2016 წელს თურქეთში მსგავსი კანონი იყო ინიცირებული: იგი ითვალისწინებდა არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის დამმყარებლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ აქტი “მუქარისა და ძალადობის გარეშე” იყო დამყარებული. საზოგადოებამ კანონპროექტი პედოფილიის ლეგალიზების მცდელობად შეაფასა და მწვავედ გააპროტესტა, რის შემდეგაც იგი უკან გაიწვიეს.


