ნაცვლიშვილი: იმედი მაქვს, კიდევ უფრო გავფართოვდებით, თუმცა დღეს ვერაფერს დაგიდასტურებთ
03/09/2024 19:24:53 პოლიტიკა
"ძლიერი საქართველოსა" და "ლელოს" წევრის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი ყველა ძალისთვის "უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება", თუმცა ამ დროისთვის მას ყოფილ პრეზიდენტთან გაერთიანების შესახებ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია.
"ტვ პირველის" ეთერში მარგველაშვილთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბარი "ლელოს" გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის მიერ გავრცელებულ ფოტოს მოჰყვა, სადაც "ლელოს" ლიდერებთან ერთად გიორგი მარგველაშვილიც დგას.
"იმედი მაქვს კიდევ უფრო გავფართოვდებით",- თქვა "ლელოს" კიდევ ერთმა წევრმა ანა ნაცვლიშვილმაც, თუმცა კონკრეტიკისგან მანაც თავი შეიკავა.
"ყოველთვის მახარებს გიორგი მარგველაშვილის საჯარო გამოჩენა - მქონდა შესაძლებლობა, მასთან მემუშავა და კარგად ვიცი მისი განწყობა ამ ქვეყნის მიმართ და არ გამკვირვებია, რომ ყველა კრიტიკულ მომენტში იყო აქტიური. მისი ყოველი განცხადება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის... ის არის ფიგურა, რომელიც მნიშვნელოვანია დღესაც, განსაკუთრებით მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის...დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ კონსულტაციებს და მოლაპარაკებებს "ძლიერ საქართველოსთან"... ადრეც მითქვამს, რომ ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისა და ჯგუფებისთვის, რომელთაც შესისხლხორცებული აქვთ ის იდეები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს...იმედი მაქვს, კიდევ უფრო გავფართოვდებით, თუმცა დღეს ვერაფერს დაგიდასტურებთ",- თქვა ნაცვლიშვილმა.


