რიგმა ქვეყნებმა უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს
29/01/2020 08:00:19 მსოფლიო
აშშ-მა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. უხანი დატოვეს აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლებმა და მოქალაქეთა ნაწილმა. ამერიკის თვითმფრინავი, რომელსაც 240 მოქალაქე გადაჰყავს, სამხედრო ბაზაზე დაეშვება. თავდაპირველად, გასაზღვრული იყო, რომ თვითმფრინავი სამოქალაქო აეროპორტში დაჯდებოდა, თუმცა, გეგმები შეიცვალა.
აშშ-ს პარალელურად, ევაკუაცია განახორციელა იაპონიამაც. ამ დოისთვის ჩინეთი 206-მა იაპონიის მოქალაქემ დატოვა. ისინი ტოკიოში დილით ჩაფრინდნენ. ბორტზე მყოფი ყველა პირი კარანტინშია, ხოლო ისინი, ვისაც ვირუსის გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდათ, სამკურნალოდ კლინიკებში გაიზგავნენ. ქალაქი დატოვა დიდი ბრიტანეთის 200-მა მოქალაქემ.
უახლოეს დღეებში ევაკუაციას გეგმავენ ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი. ევაკუაციის გეგმას ამუშავებს საქართველოც.
შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს სულ მცირე 132 ადამიანი ესხვერპლა. დაავადებულთა რიცხვმა კი 6000-ს მიაღწია.
28 იანვარს ჩინეთის პრეზიდენტი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, დისკუსია ფოკუსირებული იყო ვირუსის მკურნალობასა და შეკავებაზე. მათივე ცნობით, ჩინეთი დათანხმდა, ორგანიზაციას ვირუსთან დაკავშირებული მონაცემები და ბიოლოგიური მასალა გაუზიაროს, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას შეუწყობს ხელს. ასევე, ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), რაც შეიძლება სწრაფად გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები, რომ ახალი კორონავირუსის შესწავლა მოხდეს და გლობალურ დონეზე ეპიდემიის საწინააღმდეგო საპასუხო ზომები იქნეს მიღებული.


