კობახიძე: "გლობალური ომის პარტიას" აქვს სერიოზული გავლენა სახელმწიფო დეპარტამენტზე
04/09/2024 07:31:43 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე კვლავ გაიმეორა "ქართული ოცნების" პროპაგანდისტული ნარატივი "გლობალური ომის პარტიის" შესახებ და თქვა, რომ მას გავლენა აქვს "აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე. სწორედ ამ გავლენით ხსნის ის უკვე დაწესებულ და დაანონსებულ სანქციებს.
კობახიძეს ჰკითხეს, ელოდება თუ არა სანქციებს არჩევნებამდე და რატომ დაძაბეს აშშ-სთან ურთიერთობები უკიდურესად.
"გლობალური ომის პარტიას" აქვს სერიოზული გავლენა კონკრეტულ სტრუქტურებზე, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტზე. შესაბამისად, ჩვენ გვესმის ასეთი გზავნილები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენთვის მთავარი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რომ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინაა",- თქვა კობახიძემ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, "გლობალური ომის პარტიამ" შეგვიწყვიტა 95-მილიონიანი დახმარება?", პასუხობს, "რეალურად ასეა" და ამტკიცებს, რომ ამ "95 მილიონის შინაარსს ვერ მივაკვლიეთ. დანარჩენი არ ვიცით, შესაძლოა, თავად განმარტონ".
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გლობალური ომის პარტიას აქვს ძალიან სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე. რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს გავლენები შესუსტდება მომავალი წლიდან",- თქვა კობახიძემ დეტალების დაზუსტების გარეშე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს შესახებ.
"საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს", - განაცხადა მან.
მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მთავრობაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონით გამოწვეულ შეშფოთებას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა, რაც ნიშნავს, რომ 3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
"ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი", - თქვა მილერმა და გაიმეორა, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
"ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის - პარტია "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა", - განმარტა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს".


