ომბუდსმენი: მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა!
04/09/2024 12:31:49 პოლიტიკა
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება.
ომბუდსმენის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია.
„სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს - არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება!” - აცხადებს იოსელიანი.
ლაშა ბაქრაძემ 3 სექტემბერს პარტიულ ღონისძიებაზე თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ნათელი სახეებია, მმართველ გუნდს კი “ნახმარი სახეები” ჰყავს.
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
ბაქრაძის სიტყვებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, პოლიტიკურ წრეებში.
მოგვიანებით მან განმარტა, რომ გულისხმობდა "უინტერესოს, უღიმღამოს".


