Accentnews.ge
გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას "ოცნებიდან" მხოლოდ სამხარაძე შეხვდა - რას ამბობენ დეპუტატები

გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას "ოცნებიდან" მხოლოდ სამხარაძე შეხვდა - რას ამბობენ დეპუტატები

06/09/2024 08:38:20 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება. დეპუტატები დილიდან მართავენ შეხვედრებს. ისინი უკვე შეხვდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გერმანულ დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და დეპუტატებს მხოლოდ საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდა. მოგვაინებით დელეგაციის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

"ყველაზე მძიმე მოსასმენი ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ ჩვენ კოლეგებს, ამ ქვეყნის მეგობრებს, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს არ შეხვდა "ქართული ოცნება" - არც პარლამენტის სპიკერი, არც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად მძიმდება ქართული ოცნების გადაწყვეტილებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად და რამდენად ღიაა მათი გადაწყვეტილებები, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვექმნას პრობლემა და დაიკეტოს კარი ევროპის საქართველოს გაწევრიანების გზაზე. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, ამ საფრთხეზე, რომ თუ "ქართული ოცნება" აგრძელებს თავის რუსულ პოლიტიკას, მათ შორის აგენტების შესახებ კანონის აღსრულების დაწყებით, ეს პირდაპირ ხელს უშლის იმას, რომ ქვეყანა გახდეს ევროპის ოჯახის წევრი",-თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელმა ხათუნა სამნიძემ.

ანა ნაცვლიშვილმა, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროპელ პარტნიორებს შორის საყოველთაო თანხმობაა იმის შესახებ, რომ "ოცნების" რუსული პოლიტიკით საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.

"გერმანიის შიგნით, ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გადაწყვეტილება იქნება მისაღები ბუნდესტაგის მხრიდან, ანუ სწორედ იმ პარლამენტარების მხრიდან რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, ყველა ძირითადი პარტიის წარმომადგენლები, ქართული ოცნების აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განუცხადა, რომ არა აქვთ დრო შეხვდნენ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე თვეში, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ".

"საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის თქმით, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელთა მთავარი გზავნილია, რომ გერმანია ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს გვერდით დგას:

„გერმანია ის ქვეყანაა, რომელიც მათ შორის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან განსაკუთრებული პარტნიორობით გამოირჩეოდა, მაგრამ ვხედავთ, როგორი მწვავე გახდა გერმანია “ოცნების“ პოლიტიკის მიმართ. უკვე ყველასათვის ცხადია, რა არის “ოცნების“ მიზანი - ეს მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად“.

განახლება

სამხარაძემ თქვა, რომ თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეგიონშია და ეს იყო მიზეზი, რატომაც არ შეხვდა დელეგაციას. ასევე თქვა, რომ შეხვედრა დელეგაციის წევრებთან ორი კვირის წინ ჩაინიშნა.

“რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, დღეს თბილისში არ იმყოფება. ის რეგიონშია წასული. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საგარეო კომიტეტისა და გერმანულ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს. ირაკლი კობახიძის ადგილსამყოფელს ვერ გეტყვით, თუმცა შალვა პაპუაშვილი ვიცი, რომ იმერეთშია,” - განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანია, შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას.

“საქართველოს მოქალაქე და მათთან შეხვედრა ყოველთვის პრიორიტეტულია. ასე უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. ის ფაქტი, რომ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაა პრიორიტეტული, ამიტომ გვაქვს ასეთი დიდი მხარდაჭერა და ამიტომ მოვიგებთ კიდევ ერთხელ არჩევნებს”, - განაცხადა სამხარაძემ.

რაც შეეხება დელეგაციის წევრებთან შეხვედრას, თქვა, რომ ღია საუბარი შედგა:

"სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი. მათ შორის, საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას. მე გერმანელ კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ამის შესახებ. ამიტომ, ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა”, - განმარტა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S