რატომ ვერ მოიცალა პაპუაშვილმა გერმანულ დელეგაციასთან შესახვედრად - სამხარაძის კომენტარი
06/09/2024 09:24:16 პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მოუცლელობა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრის თაობაზე, სპიკერის რეგიონში ვიზიტით ახსნა. საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, სტუმრებთან შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებმა უარი თქვეს.
“დღეს თბილისში არ იმყოფება. ის რეგიონშია წასული. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საგარეო კომიტეტისა და გერმანულ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს. ირაკლი კობახიძის ადგილსამყოფელს ვერ გეტყვით, თუმცა შალვა პაპუაშვილი ვიცი, რომ იმერეთშია,” - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარისთვის უფრო მნიშვნელოვანია შეხვდეს საკუთარ ამომრჩეველს და მოსახლეობას, ვიდრე ნებისმიერ სხვას:
“საქართველოს მოქალაქე და მათთან შეხვედრა ყოველთვის პრიორიტეტულია. ასე უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის. ის ფაქტი, რომ ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაა პრიორიტეტული, ამიტომ გვაქვს ასეთი დიდი მხარდაჭერა და ამიტომ მოვიგებთ კიდევ ერთხელ არჩევნებს”.
მან თქვა, რომ შეხვედრაზე ღია დისკუსია წარიმართა:
"სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი. მათ შორის, საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას. მე გერმანელ კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ამის შესახებ. ამიტომ, ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა”.


