"არ არის მიზანშეწონილი" - კობახიძის განმარტება, რატომ არ შეხვდა გერმანულ დელეგაციას
06/09/2024 12:00:05 პოლიტიკა
ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებთან ჩემი შეხვედრა არ არის მიზანშეწონილი სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, - ასე ხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმ გარემოებას, რომ გერმანული მაღალი დონის დელეგაციის წევრებს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არავინ შეხვდა, ხოლო პარლამენტიდან - მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
„მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი, ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი, თუმცა რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება“, - თქვა კობახიძემ.
- ინფორმაციისთვის: დელეგაცია იყო მრავალპარტიული და მასში შედიოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები: დებორა დიურინგი (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტი (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტე (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდი (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).
მანამდე ამ საკითხზე თავად დეპუტატებმა ისაუბრეს.
„ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის”, - თქვა დელეგაციის წევრმა ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP).


