კორძაია: დღეიდან ტელევიზიებმა უნდა გაუშვან საარჩევნო რეკლამები, მაგრამ კომუნიკაციების კომისია არ იძლევა მკაფიო განმარტებას, რაც ოპოზიციას საეთერო დროს უმცირებს
06/09/2024 13:48:56 პოლიტიკა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, კომუნიკაციების კომისიის ქმედება მატ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებთ. საუბარია უფასო საეთერო დროზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელევიზიებში ეძლევათ.
კერძოდ, თამარ კორძაიას თქმით, ვიდეორგოლები ეთერში დღეიდან უნდა გავიდეს, თუმცა კომუნიკაციების კომისია ამ დრომდე არ იძლევა მკაფიო განმარტებას, რა დროით და რა პირობებით ექნება წვდომა ოპოზიციურ პარტიას საეთერო ბადეზე:
"დღეიდან ტელევიზიებმა, საერთო საეთერო მაუწყებლებმა უნდა გაუშვან ყველა პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო რეკლამა. ჩვენმა “ერთიანობამ” კანონის სრული დაცვით მოამზადა წინასაარჩევნო რგოლები იმ ქრონომეტრაჟით, რასაც კანონი ითხოვს, მაგრამ გუშინდელს მერე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ვარკვევთ ჩვენი იურისტები რა დროით და რა ხანგრძლივობით უნდა წარვადგინოთ რეკლამები საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეკომპანიებში. ჩვენ მუდმივად გვაძლევენ განსხვავებულ განმარტებებს და უკანასკნელი განმარტება (ზეპირი) ეწინააღმდეგება პოლიტიკური სუბიექტების უფლებებს და არ არის კანონის მიზნის შესაბამისი განმარტების".
მან განმარტა, რომ "კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ასეთი მიდგომა, რომელიც აუარესებს პოლიტიკური სუბიექტების მდგომარეობას და სულ უფრო ამცირებს სარეკლამო დროს პოლიტიკური სუბიექტებისთვის, აყენებს მათ მძიმე და არათანაბარ მდგომარეობაში მმართველ პოლიტიკურ ძალასთან. ასევე, ეს საფრთხეს უქმნის ყველა ტელევიზიას, რომელიც კანონის სწორი განმარტებით გაუშვებს დღეს წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამას".
პოლიტიკოსმა კომისიას მოუწოდა, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებიდან ამოვიდნენ და მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი არადისკრიმინაციული წვდომა წინასაარჩევნო სარეკლამო დროზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორებს მძიმე შეფასება ექნებათ.


