სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ხალხთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრობს
07/09/2024 17:13:32 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის გუნდთან ჩვენი ნაკრების დღევანდელ - ერთა ლიგის სასტარტო მატჩს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ხალხთან ერთად ადევნებს თვალს.
კითხვაზე, რატომ არ ესწრება მატჩს სტადიონზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბევრ მოქალაქეს დღეს თამაშზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა და მას სურდა, ხალხთან ერთად ყოფილიყო.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ აუცილებლად დაელოდება ქართული ნაკრების წევრებს, რომლებიც დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში რესპუბლიკის მოედანზე აპირებენ მისვლას.
"აუცილებლად დაველოდები აქ, ოღონდ გამარჯვების "შემთხვევაში" კი არა, გამარჯვები-სას!" - დააზუსტა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან 13 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში ქართველ ოლიმპიელთა და პარაოლიმპიელთა დაჯილდოება დააანონსა. "ეს იქნება სახალხო დაჯილდოება და ყველას გიწვევთ" - განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: ჩეხეთთან დღევანდელი მატჩის პირველი ტაიმი დასრულებულია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას 11-მეტრიანის შედეგად ანგარიშით 1:0 იგებს.


