ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა
30/01/2020 07:23:28 მსოფლიო
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა.
მედიის ცნობით, ქალაქ ხან იუნისში და დეირ ალ-ბალახში განთავსებული ინფრასტრუქტურა „ჰამასის“ სამხედრო ფრთას, „იზ ად-დინ ალ-ყასამის ბრიგადას“ ეკუთვნოდა. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორია რაკეტებით დაიბომბა. ღაზის სექტორს „ჰამასი“ 2007 წლიდან მართავს და ამ დროიდან არაბული ანკლავი ისრაელის ფაქტობრივ ბლოკადაშია.
ცნობისთვის: აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 იანვარს წარმოადგინა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა, რომელიც ემყარება „ორი სახელმწიფოს“ ცნობილ პრინციპს და დაპირისპირების შეწყვეტის სანაცვლოდ ითვალისწინებს ასევე პალესტინის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, 50 მილიარდი დოლარის მოცულობის, ფინანსურ დახმარებას.
გეგმის თანახმად თითქმის ორჯერ იზრდება პალესტინის გეოგრაფია, თუმცა პალესტინამ უარი უნდა თქვას ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იერუსალიმზე.
როგორც ტრამპმა განაცხადა, 80-გევრდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სამშვიდობო გეგმის რეალიზების ყველა დეტალი.
სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციაზე თეთრ სახლში იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევევ აშშ-ის და ისრაელის მთავრობის წევრები.
ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას, პალესტინელებმა კი დაგმეს.


