ბრიუსელი თბილისისგან ევროპული მისწრაფებების რეალურ დემონსტრირებას მოელის
11/09/2024 07:21:08 პოლიტიკა
ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბუდაპეშტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, უნდა დაამტკიცოს თავისი ერთგულება ევროინტეგრაციისადმი. ეს სიტყვები ოპოზიციამ აღიქვა, როგორც ბოლო გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით თბილისის მიერ ბრიუსელის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ევროკომისიის შეფასების მოლოდინში. „ქართულ ოცნებას“ კი, პირიქით, მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს თავისი ლოიალობა საქართველოს მიმართ.
ევროკომისარმა ვარჰეიმ, დადებითად შეაფასა გასული წლის გაფართოების პოლიტიკა, ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად:
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი და წინ წავიდეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ოლივიერ ვარჰეიმ, ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის საკითხებში ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზე.
„აგენტების კანონის" მიღებისა და ინტენსიური ანტიდასავლური რიტორიკისა და შეთქმულების თეორიების გაჟღერების შემდეგ, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა. ევროკავშირმა რიგი პროექტები შეუჩერა საქართველოს. ანალოგიური ვითარებაა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებშიც, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიის პიკში „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო დაამძიმა რიტორიკა.
ევროპელი პარტნიორების მთავარ "მოპასუხედ" 10 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარდგა. მან პროექტების შეჩერების დასავლეთის ფარული ზრახვების მტკიცებულებად წარმოჩენა სცადა.
სპიკერმა ევროკავშირის ლიდერებს ურჩია, ნაცვლად იმისა, რომ „მორალი იკითხონ“, უპასუხონ კითხვაზე, რატომ ფარავენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ფორმულას სპონსორს დავით კეზერაშვილს, როცა ქართულმა მართლმსაჯულებამ ის გაასამართლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების ფლანგვისთვის, პროკურატურა კი მას თაღლითობაში ადანაშაულებს ქოლ-ცენტრების გამოყენებით.
პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ასევე არ ეთანხმება ევროპელი ლიდერების განცხადებებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია „ოცნების“ პოლიტიკის გამო შეჩერებულია. პირიქით, როგორც სპიკერის სიტყვებიდან ჩანს, ეს ევროკავშირი ანელებს პროცესს, ხოლო "ქართული ოცნების" მთავრობა დაუღალავად მუშაობს ამ მიმართულებით და უკვე ნახევრად შეასრულა ასოცირების ხელშეკრულება.
„2014 წლიდან, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას და 2017 წელს შევიდა ძალაში, ევროკავშირის მხრიდან ყველაფერი შეჩერდა. ეს ჩვენ მივდიოდით წინ. მაგრამ მათი მხრიდან არანაირი დაპირება არ ყოფილა, ხოლო კანდიდატის სტატუსზე ან ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარიც არ იყო. უფრო სწორედ, იყო დაპირებები, მაგრამ თეორიული. იმის გამო, რომ კარგად ვიმუშავეთ, დღეს ჩვენ ლიდერები ვართ კანდიდატ ქვეყნებს შორის. როგორც 2022 წლის ივნისში ჩვენ უსამართლოდ გამოგვყვეს - და არ იყო ახსნა, თუ რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - ახლაც არ არსებობს არანაირი განმარტებები ზოგიერთ პოლიტიკურ განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ.ინსტიტუციურად არაფერი შეჩერებულა. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად“.
ოპონენტები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის პირობებში ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, - აცხადებს დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
„ბიძინა ივანიშვილის ზრახვებით, ჩვენი ქვეყანა რუსეთთან პირისპირ მარტოდ რჩება. ამიტომ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორად აღნიშნავენ, რომ იზოლაცია გამოიწვევს საქართველოს მოსახლეობის გაღარიბებას, ემიგრაციას. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია რუსეთის გეგმების ნაწილია“.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკამ, მის მიერ მიღებულმა ანტიდემოკრატიულმა კანონმა „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ და სხვა ნაბიჯებმა შესაძლოა, ქვეყანას ევროპული და ამერიკული მრავალმილიონიანი დახმარების შეჩერებად დაუჯდეს. დეპუტატი ანა ბუჩუკური პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ რუსეთის ჩარევის რისკები იზრდება.
„ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში, ისევე როგორც სხვა ქმედებები, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს. გარდა ამისა, ხედავთ, როგორ იქცევა „ოცნება“, როგორი რიტორიკა აქვს, როგორ უტევს პარტნიორებს, რომლებთანაც, პირიქით, მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ. მით უფრო, რომ ახლა, წინასაარჩევნოდ, საქართველოსთვის რისკები და საფრთხეები გაიზარდა“.
ევროკომისარ ვარჰეის მოწოდებამ გაიჟრერა მისი სამსახურის მიერ კანდიდატი ქვეყნების მხრიდან ვალდებულებების შესრულების ყოველწლიური შეფასების წინ. დოკუმენტის გამოქვეყნების წინასწარი თარიღი 16 ოქტომბერია. თუმცა ბევრი ქართველი დამკვირვებელი არ გამორიცხავს, რომ ბრიუსელი გადაწყვეტს, დაელოდოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ვიდრე საბოლოოდ შეაფასებს საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება ერთ-ერთია იმ ცხრა წინაპირობას შორის, რომელიც ევროკომისიამ განუსაზღვრა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას.


