Accentnews.ge
კობახიძე - უკრაინაზე: ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

კობახიძე - უკრაინაზე: ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

11/09/2024 15:22:24 პოლიტიკა

საქართველოდან უკრაინის დროებითი წარმომადგენლის გაწვევას "სამწუხარო" უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწვევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ - ჯერ საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვიეს ორი საბაბით, იმ მიზეზით, რომ არ მივუერთდით სანქციებს, ანუ ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე იყო ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. არ გავაკეთეთ არც ერთი, არც მეორე, ანუ არ ჩამოვაქციეთ ეკონომიკა, არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამ საბაბით გაწვეულ იქნა უკრაინის ელჩი საქართველოდან, რაზეც საზოგადოება გამოიტანს სათანადო დასკვნებს. ამის შემდეგ, ჩვენი ელჩი უკრაინაში, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც 1 დღით არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან. იყო არაერთი ელჩი, მათ შორის დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც პირველივე დღიდან გამოაცხადეს ევაკუაცია, ეს, რა თქმა უნდა, მათი საქმე იყო, ვერავის გავაკრიტიკებ, წავიდნენ კიევიდან. საქართველოს ელჩი ბოლომდე, ყოველდღიურ რეჟიმში რჩებოდა უკრაინაში, კიევში და ესეც კი არ დაუფასეს ამ კაცს, არც ჩვენს ქვეყანას და გამოაგდეს უკრაინიდან. ეს არ არის სწორი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების განვითარებას, მაგრამ ეს არის უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაც ჩვენთვის არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ვინაიდან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს და ეს სჭირდება ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას,“- თქვა კობახიძემ.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

დიპლომატის საქართველოდან გაწვევის თემის კომენტირებისას, უკრაინის საგარეოს სპიკერმა განაცხადა, რომ „საქმე არ ეხება კონკრეტულ გვარს“ და „არა ნიუანსებს“, არამედ „კომპლექსურ მიზეზებს, რამაც აიძულა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი, მიეღო ამგვარი გადაწყვეტილება".

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ელჩების მუშაობის სტიმულირების კონტექსტში, მათი მუშაობის ანალიზის, აქტივობის, მიღწეული შედეგების და, ზოგადად, დიპლომატიური სისტემის ომის ხისტ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, როდესაც საჭიროა შედეგი“, – განაცხადასპიკერმა.

ამასთან, მან "არც თუ კორექტული" უწოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გათავისუფლების ცალკეულ დეტალებზე კონცენტრირებას.

უკრაინას ორ წელზე მეტია, საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ერთ კვირაში – 2022 წლის 1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თბილისიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

2022 წლის მარტის ბოლოს ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან ელჩ იჰორ დოლჰოვის გაწვევის დოკუმენტს, ივნისში კი იგი თანამდებობიდან საერთოდ გაათავისუფლა.

2023 წლის ივლისში კიევი დატოვა საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა უკრაინის მოქალაქე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩისთვის პროტესტის გამოცხადება და 48 საათში ქვეყნის დატოვების შეთავაზება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S