კობახიძე სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული "სირთულეების" კონტექსტში კვლავ "მძიმე მემკვიდრეობას" ახსენებს
11/09/2024 15:34:16 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღიარებს "გარკვეული სირთულეების" არსებობას სკოლების რეაბილიტაციის ტემპების კუთხით და იქვე ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ყოფნის 12 წლის თავზე "მძიმე მემკვიდრეობას" ახსენებს.
ამასთან, მან პირობა დადო, რომ "მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში".
„ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა და აქ არის სერიოზული ცვლილებები საჭირო. საჭიროა პროცესის ინტენსიურად გაგრძელება. იყო გარკვეული სირთულეები ტემპების კუთხით, შესაბამისად, გარკვეული საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა ამ სფეროში. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ტემპები მაქსიმალურად დავაჩქაროთ არის არაერთი პრობლემური შემთხვევა, როდესაც უკვე საკმაოდ დიდი ხანია მოსწავლეებს უწევთ სხვა სკოლებში სიარული. ტემპები არის საკმაოდ დასაჩქარებელი. გორში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში არის სხვადასხვა შემთხვევები. მაქსიმალურად დავაჩქარებთ სამუშაოებს, იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სახლებთან ახლოს თავიანთ სკოლებში“, - განაცხადა პრემიერმა.


