Accentnews.ge
მიქანაძე: "ციხის ბუნტის" დაწყების დღეს მივლინებაში ვიყავი

მიქანაძე: "ციხის ბუნტის" დაწყების დღეს მივლინებაში ვიყავი

13/09/2024 15:05:08 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატის გივი მიქანაძის თქმით, ე.წ. ციხის ბუნტის დროს იგი მივლინებაში იყო და პარტია "საქართველოსთვის" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება, რომ ბუნტისას ის იღებდა გადაწყვეტილებებს, "აბსურდულია."

მიქანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იგი 2005 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, თუმცა არასდროს ყოფილა ზურაბ ადეიშვილის მოადგილე და ასევე, არასდროს გაწევრიანებულა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში".

"მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს, მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას - ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო.

რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება." - წერს მიქანაძე.

მიქანაძემ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რადგან მისი თქმით, აბსოლუტურად პასუხისმგებელია ნებისმიერი გადაწყვეტილებასა და ნაბიჯზე.

12 სექტემბერს პარტიამ "საქართველოსთვის" პროკურატურას მოუწოდა, რომ "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატის გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

პარტიის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სავარაუდოა, რომ 2006 წელს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. ბუნტის ჩასახშობად მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ მიქანაძესთან თანხმდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S