კორონავირუსის საფრთხის გამო საკრუიზო გემი იტალიაში, პორტშია გაჩერებული
30/01/2020 13:39:40 მსოფლიო
იტალიაში, საკრუიზო ხომალდ „კოსტა სმერალდაზე“ ახალი კორონავირუსის სავარაუდო ფაქტი დააფიქსირეს, რის გამოც გემიდან ჩასვლის უფლებას 6 000 ადამიანს არ აძლევენ. ხომალდი ჩივიტავეკიას პორტშია გაჩერებული.
მედიის ცნობით, საეჭვო სიმპტომები ჰონგ–კონგელ ქალს გამოუვლინდა, და ამჟამად ის იზოლირებულია, თუმცა უსაფრთხოების გამო იზოლირებულია მისი მეუღლეც.
ახალი კორონავირუსის გამორიცხვის მიზნით, ექიმები ნიმუშებზე ლაბორატორიულ დასკვნას ელოდებიან.
ჰონგ კონგელი წყვილი მილანის მალპენსას აეროპორტში 25 იანვარს ჩავიდნენ და სავონაში მიემგზავრებოდნენ.
საკრუიზო ხომალდზე ჩინეთის 751 მოქალაქე იმყოფება.
„კოსტა სმერალდა“ ჩივიტავეკიას პორტამდე, მარსელში, ბარსელონასა და პალმა დე მალიორკაზე გაჩერდა.


