ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს
30/01/2020 20:15:37 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევა უხანში დადასტურდა.
ახალი ტიპის კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 7 834 ადამიანი, მათ შორის 7 736 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, 98 კი მსოფლიოს 18 ქვეყანაში.
ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რვა შემთხვევა დასტურდება. მძიმე მდგომარეობაშია 1370 პაციენტი.
ცნობისთვის: საქართველომ პრევენციის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო: ჩინეთთან ავიამიმოსვლა მარტის ბოლომდე შეწყვიტა; აეროპორტებში და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში მიმდინარეობს სკრინინგი, მთავრობამ სამოქმედო გგემა დაამტკიცა. როგორც დღეს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, უპასუხოს გამოწვევას.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის ახალი ვირუსის არც ერთი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირებული არაა და არ არსებობს პანიკის საფუძველი.


