ფაშინიანი – კობახიძეს: მე ნამდვილად მწამს, ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების თავი დავხუროთ
16/09/2024 12:34:42 პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას სჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი მშვიდობის შექმნის შესახლებლობა არსებობს. ამის შესახებ მან თბილისში პრემიერ–მინისტრ ირალი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ნამდვილად მწამს, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისტორიული შესაძლებლობა, დავხუროთ კონფლიქტების თავი სამხრეთ კავკასიაში და შევქმნათ მდგრადი მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ მშვიდობის ბენეფიციარები, არა მხოლოდ სომხეთი და აზერბაიჯანია, არამედ საქართველო, თურქეთი და ირანიც მიიღებენ სარგებელს თანაბრად. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მდგრადად და მუხლმოუხრელად გააგრძელებს ყველა ძალისხმევის განხორციელებას, რომ მშვიდობა რეგიონში იყოს შესაძლებელი. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ წვლილი შეიტანოს რეგიონული, საერთაშორისო სტაბილურობისა და მშვიდობის მიღწევაში", – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე.
"ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში გაგვეფართოებინა ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, ყველა სფეროში. ამის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ, რომ ამ წლის იანვარში, საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა ავიდა უფრო მაღალი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე. ჩვენ ამგვარად მოვახერხეთ შეგვექნა ეფექტური და პერიოდული კონტაქტების სიცოცხლისუნარიანი მექანიზმი, რომელიც ემყარება ორმხრივ ინტერესებს, ისევე როგორც პრინციპებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელიც მიღებულია ჩვენი ქვეყნების ბრძენი ხალხების მიერ. მე ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ საქართველომ და სომხეთმა უპირობოდ აღიარეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მე ვთვლი ამ ფაქტს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას სტაბილურობა და ხანგრძლივი მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში", – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.


