"ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები პრეზიდენტის შეთავაზებას დაეთანხმნენ და ხვალ შეხვედრას გამართავენ
16/09/2024 16:28:23 პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იღებენ პრეზიდენტის შეთავაზებას და ხვალ, 17 სექტემბერს ადმინისტრაციაში ერთმანეთთან შესახვედრად მივლენ.
„მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან, ამ საქმეში "ძლიერი საქართველოს" როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას. როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება „ძლიერი საქართველო" ამის დასტურია. დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა ვისაუბრო გიორგი გახახრიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს”, - წერს კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
მოლაპარაკების გამართვაზე მზაობა გამოხატეს პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“.
„მოწვევა მივიღეთ პრეზიდენტისგან და ჩვენი გუნდი იქნება წარმოდგენილი შეხვედრაზე. დანარჩენზე წინასწარ საუბარი...“ - განუცხადა პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა "რადიო თავისუფლებას".
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.


