Accentnews.ge
პრემიერის მტკიცებით, ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღება საზოგადოების დაკვეთა იყო

პრემიერის მტკიცებით, ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღება საზოგადოების დაკვეთა იყო

17/09/2024 12:42:09 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღება საზოგადოების დაკვეთა იყო.

"მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ქართულ, ეროვნულ წამოწყებას. არის ძალიან საშიში ტენდენციები სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით. ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება შემაშფოთებელ სტატისტიკაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვინდა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის, ვერც გავკიცხავთ ვერავის საკუთარი ცხოვრების წესის გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია, პირიქით, ჩვენ ვიწონებთ თავს სწორედ იმით, რომ აბსოლუტურად თავისუფალია ადამიანი, მათ შორის, თავის პირად ცხოვრებაში. მაგრამ, ამასთან ერთად, პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე და სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მე-3 მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. როდესაც, ასეთ პირობებში, ამასაც კი უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია, აქედან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ გარე დაკვეთით მოქმედებენ. საზოგადოების დაკვეთა ხომ ამ კანონის მიღებაა. რეალურად, ჩვენ კვლევაც გვაქვს ჩატარებული, 91% მხარს უჭერს ამ კანონის მიღებას. რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მიდის საზოგადოების ასეთი ძლიერი დაკვეთის წინააღმდეგ. ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა. ისინი მოქმედებენ არა საზოგადოების დაკვეთით, არამედ გარე პატრონების დაკვეთით, სხვანაირად ამას უბრალოდ ვერ ახსნი, როცა ასე უხეშად და პირდაპირ მიდიხარ საკუთარი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ“, - აცხადებს პრემიერი.

დღეს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი მიიღო. კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდომას არ ესწრებოდა.

კანონი, მათ შორის, გულისხმობს ცვლილებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შესაძლოა, დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება, მაგალითად, ცილისწამებას, პირისპირ შეურაცხყოფას, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებას, უხამსობას და ა.შ.

კანონის მიღების შემდეგ დაუშვებელი ხდება „საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებული იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომლებიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. გარდა ამისა, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ტელეეთერში გაშვება აიკრძალება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S