ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი - 12-15 სექტემბერი
18/09/2024 08:04:03 პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში სამოქალაქო აქტივისტებს თავს დაესხნენ
შემთხვევა სოხუმის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა. ოთხი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ჟუნალისტ დავით გობეჩიას და ახალგაზრდული მოძრაობა „ჰარაჰპიცუნდას“ აქტივისტს ლია აგრბას. თავდამსხმელებმა გამოიყენეს გაზის სპრეი, რომელმაც მხედველობის დროებით დაკარგვა გამოიწვია. ლია აგრბას ჩანთა წაართვეს, ხოლო დავით კობეჩიას, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკული ტელეგრამ-არხი „აფხაზური პორტალის“ ადმინისტრატორია, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულები თვალის კლინიკაში გადაიყვანეს შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით.
დავით გობეჩიამ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასზე თვალთვალი მიმდინარეობდა, და თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დე ფაქტო ხელისუფლებას დააკისრა. რაც შეეხება ლია აგრბას, გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კვირის წინ მან დე ფაქტო პროკურატურას მიმართა საზოგადოებრივი პალატის წევრის, დავით ფილიას მხრიდან მის წინააღმდეგ მომხდარი ცილისწამების ფაქტზე.
შემთხვევის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ორ მოქალაქეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გარდა ამისა, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა საგანგებო თათბირი გამართა, სადაც თანამშრომლებს დაავალა, აღნიშნული საქმე “უმოკლეს დროში” გამოიძიონ. “აუცილებელია, ამ საკითხში დეტალურად გავერკვეთ. გამოძიებას ობიექტურად უნდა მივუდგეთ და ყველა რესურსი და ძალისხმება იქითკენ მივმართოთ, რათა გავიგოთ, სინამდვილეში რა მოხდა”, - განაცხადა მან.
სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმას აფხაზურ საზოგადოებაში დიდი კრიტიკა მოჰყვა. დაზარალებულთა მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდნენ ოპოზიციური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჟურნალისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებმაც მომხდარი ფაქტი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად შეაფასეს.
ამავდროულად, პროპაგანდისტული ტელეგრამ-არხები მომხდარს “ინსცინირება” უწოდეს, რაც, მათი თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების დისკრედეტაციას ისახავს მიზნად.
აფხაზეთის ოპოზიციის ნაწილი დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთის მხარდამჭერი მიტინგის ორგანიზებისკენ მოუწოდებს
აფხაზური ოპოზიციური ძალების ნაწილმა აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას განცხადებით მიმართა, სადაც მოუწოდა „სასწრაფოდ და დაუყონებლივ გამოაცხადოს სახალხო აქცია, რომელზეც აფხაზეთის მოსახლეობა დაადასტურებს რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ურთიერთობებისადმი თავის ერთგულებას“. მიმართვას ხელს აწერენ „აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი”, საზოგადოებრივი ორგანიზაციები „აიდგილარა“ და „აიააირა“, ასევე ექსპერტთა ფონდი „აამთა“.
განცხადების მიხედვით, გარკვეული ძალები ცდილობენ, „აფხაზ ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას დააბრალონ სტრატეგიულ პარტნიოთან, მეგობართან და მეზობელთან ურთიერთობის გართულება“. „ჩვენ, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების ესკალაცია. და აქ საუბარია არა ფინანსურ დახმარებაზე, არამედ სტრატეგიულ მოკავშირეობაზე, ჩამოყალიბებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ“, - ნათქვამია მიმართვაში.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა. მისი განცხადებით, სოხუმის აეროპორტის ამოქმედების სურვილი ყოველთვის არსებობდა, თუმცა საერთაშორისო კოდის არარსებობის გამო ვერ ხერხდებოდა.
„..არსებობს საერთაშორისო წესები. ამ შემთხვევაში საუბარია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაზე (ICAO), რომელიც ყველა აეროპორტს საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს. ჩვენი აეროპორტის ნომერი ადრე საქართველოზე იყო დარეგისტრირებული და ამ საკითხში პოლიტიკური საკითხები დიდ როლს თამაშობდა. ამის გამო რუსული კომპანიები სოხუმში ფრენების განხორციელებას ვერ ახერხებდნენ. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. ", - აღნიშნა თეიმურაზ ხიშბამ.
ამავე ინტერვიუში ე.წ. მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობების მნიშვნელობასა და პირადად ვლადიმირ პუტინის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „რუსეთი იყო და არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და უსაფრთხოების გარანტორი. ის ჩვენს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებს იცავს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი განსაკუთრებული ადამიანია ჩვენთვის. ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ დღეს ეს მოდაშია, არამედ რომ ეს მართლაც ასეა“, - განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ „ტურიზმის მინისტრს“ არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ მოხდა „პრობლემის მოგვარება“. ამავდროულად, იგი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით „უზარმაზარი აქტიური მუშაობა“ მიმდინარეობს, რაც „მოგვარებულ პრობლემასთან“ დაკავშირებით მის სიტყვებთან გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის.
ICAO აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სოხუმის აეროპორტს დამოუკიდებელ საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ საქართველოს შეუძლია ICAO-ს მიმართოს მისთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭების თხოვნით.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსი მაღალჩინოსნის რაშიდ ნურგალიევის შვილის კუთვნილი კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარება“ ახორციელებს. თავად დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით, აეროპორტის გახსნა უკვე მიმდინარე წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ფრენები რუსეთის შვიდ ქალაქში შესრულდება.
სერგეი შამბა დნესტრისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილეს ალექსანდრ სტეციუკს შეხვდა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ შეხვედრა გამართა რეგიონში ვიზიტით მყოფ დნესტრისპირეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოადგილესთან ალექსანდრე სტეციუკთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის“ საკითხები, ასევე გამოითქვა „ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის“ მზადყოფნა. თავის მხრივ, სერგეი შამბამ ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს შორის ჩამოყალიბებულ „ტრადიციულად მეგობრულ“ ურთიერთობებს.
სოხუმი და ლუჰანსკი „დაძმობილდნენ“
სოხუმი და რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუჰანსკი „დაძმობილდნენ“. „შეთანხმებას“ ქალაქების ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა ბესლან შბამ და იანა პაშჩენკომ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია ლუჰანსკის დაარსებიდან 229 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებებს დაესწრო.
„მხარეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორმხრივად მომგებიანი კონტაქტების გაფართოების, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში სოხუმმა დაძმობილების შესახებ „შეთანხმება“ ოკუპირებულ დონეცკთანაც გააფორმა.
გალში ახალგაზრდებს რუსული წიგნები გადასცეს
რუსეთის საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელი აფხაზეთში, ვლადისლავ კულიკოვი გალში ჩავიდა და შეხვდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მირზაყანის“ წევრებს, რომლებმაც 6-7 სექტემბერს რუსეთის ქალაქ რიაზანში გამართულ „უძველესი ქალაქების საერთაშორისო ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების პარალელურად, შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელმა რუსული წიგნები დაურიგა. მხატვრული ლიტერატურა ასევე გადაეცა გალში მოქმედ ჰუმანიტარულ კოლეჯს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ათწლეულების მანძილზე მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესი უკანასკნელ პერიოდში გალშიც გახდა თვალშესაცემი. ივნისში რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გალში წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული კლუბის გახსნის თაობაზე განაცხადა, რაც გალის მოსახლეობისთვის რუსეთის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობას მოემსახურებოდა. რუსიფიკაციის პროცესზე ასევე მეტყველებს ასლნა ბჟანიას ინიციატივა აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის გალში ე.წ. აპარტოტელების მშენებლობის თაობაზე, რომელიც სახალხო პროტესტის გამო შეჩერდა.


