ანა დოლიძე: გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა
19/09/2024 18:58:28 პოლიტიკა
კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის" ნაწილი ანა დოლიძე პარტიოასთან "საქართველოსთვის" არშემდგარ ალიანსზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და ამბობს, რომ "გიორგი გახარიამ მოლაპარაკება ჩაშალა".
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ მოლაპარაკებების პროცესი "წარმართა მთლიანი კოალიციის სახელით, იმ მთავარი ამოცანის გათვალისწინებით, რაც არის ევროპული კურსის დაბრუნება და სახელმწიფოს განქოცება".
"ამ მიზნისთვის მან მნიშვნელოვანი პიროვნული ნაბიჯებიც გადადგა კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ და ეს ხაზგასასმელია. ამით მან ასევე საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ კულტურას და მომავალში კოალიციურ მმართველობას ჩაუყარა საფუძველი. ამ პირობებში გიორგი გახარიას გადაწყვეტილება და მოლაპარაკებების ჩაშლა სრულიად გაუგებარია.ჩვენ ვართ კოალიცია და კოალიციაში დამახასიათებელია დისკუსია, მსჯელობა და მრავალხმიანობა. ვისაც ეს არ ესმის, მას არ ესმის კოალიციის მუშაობის მთავარი პრინციპი. სწორედ, ამ პრინციპით იმუშავებს შემდეგი ხელისუფლება. კოალიცია ,,ძლიერი საქართველო” არის ყველაზე ფართო კოალიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სუბიექტი ამ მრავალფეროვნებას პატივს სცემს.არქიფოს მართვის პრინციპებს სწორედ მრავალხმიანობის იდეით ვამარცხებთ.ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ახლა ჩვენი კოალიციის დაზიანება ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია და ამისთვის ჯაფას არ დაიზარებენ უსაფრთხოების სამსახურები.რაც შეეხება გახარიას, მოხარული ვარ, რომ უკვე მომზადებულია საფუძველი მომავალი კოალიციური თანამშრომლობისთვის".
პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეთანხმების შესახებ მათ არ განუცხადებიათ, თუმცა ლიდერების კომენტარებიდან პოზიტიური დინამიკის არსებობა იგრძნობოდა. 19 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ერთ საათში პარტიამ "საქართველოსთვის" განცხადება გამოაქვეყნა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. "ძლიერ საქართველოში" ამ განცხადებას "სიურპრიზი" უწოდეს და თქვეს, რომ მზად იყვნენ პრეზიდენტის ძალისხმევით წინასწარ მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. თავის მხრივ, გახარიას პარტიაში ხელს კოალიციისკენ იშვერენ, ამბობენ, რომ პარიტეტზე ხაზარაძეს პარტნიორებთან უნდა მიეღწია შეთანხმება და რომ მან ეს ვერ შეძლო.
"ძალიან ძნელია პოლიტიკოსისთვის იმის გაცნობიერება და საზოგადოების რისხვის მოთმენა, რომელიც შენ გატყდება იმიტომ, რომ შენი მიზეზით ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ვერ შედგა იმიტომ, რომ შიგნით რაღაც კონსენსუსს ვერ მიაღწიე იმ პოლიტიკურ აქტორებს შორის, რომლებიც შემოიერთე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მოთმინებით, ყველაფრის დათმობით, მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი პოლიტიკური აქტორი გელოდებოდა, რომ მიგეტანა გადაწყვეტილება... და რომ მკითხეთ რა საკითხი იყო, ერთ-ერთი საკითხი იყო პარიტეტის საკითხი, ანუ ჩვენ, პრაქტიკულად, პარტია დავთმეთ მთლიანად, ნომერი დავთმეთ, ყველაფერი დავთმეთ და, ბუნებრივია, აბსოლუტურად სამართლიანად, რომ ასე ხდება პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან [მამუკა ხაზარაძემ] ვერ მოიტანა",- თქვა გახარიას თანაგუნდელმა ნათია მეზვრიშვილმა.
"პარიტეტზე შევთანხმდით 50/50-ზე - თანასწორ პოლიტიკურ საწყისებზე შევთანხმდით",- ამბობს ამასთან დაკავშირებით "ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.
დღის ბოლოს გახარიას თანაგუნდელმა ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ მოლაპარაკებები დასრულდა და რომ შეთანხმება ვერ შედგა.


