სალომე ზურაბიშვილი – ლევილის მამულში არმიწვევის თაობაზე მისი ძმის განცხადებაზე: "ისჯება ყველა ის, ვინც არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს რუსეთს აბარებენ"
23/09/2024 09:26:20 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევილის მამულში არმიწვევის თაობაზე მისი ძმის ოთარ ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება.
"მე მგონი ისჯება ყველა ის, ვინც არ ეთანხმება იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს რუსეთს აბარებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მანამდე, პრეზიდენტის ძმამ განაცხადა, რომ ქართული სათვისტომო, რომელსაც ოთარ ზურაბიშვილი ხელმძღვანელობს, ლევილის მამულში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.
"საფრანგეთში, ლევილის ტერიტორიაზე აღინიშნება პირველად ამ მთავრობის მიერ 1924 წლის ეროვნული აჯანყების მეასე წლისთავი. ქართველთა ისტორიული სათვისტომო, რომელიც სათვისტომო, რომელიც 100 წლის მანძილზე ყოველ წელს, როგორც ამ წელს, აღნიშნავს ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ისტორიულ თარიღს, არ არის მოწვეული. პრორუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს, არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები, შეიფარდოს აჯანყების უნიკალური სიმბოლო და სცადოს დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ ვითომ სწორ გზაზე დგას. სიმართლე სულ სხვაა და არავის აღარ სჯერა მთავრობის ეროვნული აღტაცების. სწორედ 1924 წლის აჯანყება თავისი უკომპრომისო წინააღმდეგობით შეგვახსენებს, რა არის და უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი და სამომავლო ბრძოლა. ძალაუფლება, რომელიც ხვალ გაივლის სასაფლაოზე, არის ის, რომელიც ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში, ეს იქნება მისვენებული პოლიტიკური ემიგრანტების შეურაცხყოფა. არა ლევილის პრივატიზაციას, არა დამოუკიდებლობის ბრძოლის სიმბოლოების მისაკუთრებას, არა რუსულ მთავრობას!", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.


