კალაძე – „თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე": "მნიშვნელოვანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა"
23/09/2024 10:36:39 პოლიტიკა
თბილისის მერი, „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, "გაეროს ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ტექსტში საქართველოს მხრიდან „თავდაუსხმელობის შეთანხმებაზე" ხელმოწერისთვის თბილისის მზაობის გამოხატვა განიხილება".
კალაძე ირწმუნება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართულ ოცნებას", მათ შორის იმისათვის სჭირდება, რომ "ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრობლემა არ შეექმნას”.
"მნიშვნელოვანია არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა იმ მავნებლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგებიან. წყარო ვინ არის? ვინ გითხრათ? „კეზერამ“ გითხრათ, არ გამამჟღავნოთ რომ მე გითხარითო?! მავნებლები ხართ, ეწინააღმდეგებით ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას. შემთხვევით არ უსაუბრია ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მნიშვნელოვანია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მათი მოღალატეობრივი ქმედებების შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები. ამ ყველაფერს სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ ქვეყანას არ შეექმნას პრობლემები თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის: წლებია, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ხსენებული დოკუმენტის გაფორმება რუსული დელეგაციის, მისი კარნახით კი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მოთხოვნა იყო. საქართველოს დელეგაცია ამას არასოდეს სთანხმდებოდა და აცხადებდა, რომ კონფლიქტის მხარე რუსეთია, შესაბამისად, თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტიც საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაფორმდეს. მით უფრო, რომ ქართულ მხარეს უკვე ორგზის - შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის დროს აქვს ცალმხრივად აღაებული ვალდებულება თავდაუსხმელობის შესახებ, მაშინ, როცა რუსეთს მსგავსი ვალდებულბა ამ დრომდე არ აუღია. რაც მთავარია, მსგავსი დოკუმენტის თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის გაფორმება ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის ირიბი აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ამასთან, ეს მოახდენდა კონფლიქტებში რუსეთის, როგორც მხარის ნიველირებას, რაც მოსკოვის მრავალწლიან მიზანს წარმოადგენს.


