პაპუაშვილი – ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე: "არავის შეზღუდვა არ ხდება, ყველას შეუძლია, წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს"
25/09/2024 08:20:21 პოლიტიკა
"არავის შეზღუდვა არ ხდება, ყველას შეუძლია წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს", – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანტიკორუფციულმა ბიუროს გადაწყვეტილებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციას.
მისი თქმით, „რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუკი ისინი კანონს არ დაემორჩილებიან და არ წარადგენენ, ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ თავად გამოითხოვოს შემდეგ ეს დოკუმენტაცია“.
„გუშინ რაც მოვისმინე გამოხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და მეორე ორგანიზაციისგანაც, ისინი ადასტურებენ, რომ წინასაარჩევნო აგიტაციას ატარებენ. ისინი ამისთვის ფინანსურ რესურსებს იყენებენ, ეს ჩანს კიდეც, ამას ღიად აკეთებენ. როგორც ჩანს, ანტიკორუფციულ ბიუროს საკმარისი მტკიცებულებები ჰქონდა, რომ ისინი მიეჩნია საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად. სხვათა შორის, გუშინ ეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმაც აღნიშნა. ის ნორმები, რომლის გამოყენებაც ახლა ხდება და რომლის საფუძველზეც ცნობილი იქნენ სარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, ეს ნორმები თავის დროზე თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, საია-ს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციირებით აქვს პარლამენტს მიღებული. ეს ის სტანდარტია, რომელიც მათივე ინიციატივა იყო და ამ სტანდარტს უნდა დაექვემდებარონ. გუშინ მოვისმინე, ვინმეს შეზღუდვა ხდებაო, არავის შეზღუდვა არ ხდება, ყველას შეუძლია წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს. უბრალოდ, თუ ეს წინასაარჩევნო აგიტაცია არის, ამის ფინანსები უნდა გაასაჯაროოს. ეს არის ჩვეულებრივი რამ ნებისმიერ დემოკრატიაში და სწორედ ეს ჩვეულებრივი რამ უნდა იყოს საქართველოშიც“,-განაცხადა პაპუაშვილმა.


