Accentnews.ge
ექსპერტები – კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე: "მსგავს გადაწყვეტილებებს აშშ იღებს მათ მიმართ, ვინც განგრძობითად ცდილობს, დააშოროს საკუთარი ქვეყანა დასავლეთს",  "პრემიერი ასეთ დროს უნდა გადადგეს"

ექსპერტები – კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე: "მსგავს გადაწყვეტილებებს აშშ იღებს მათ მიმართ, ვინც განგრძობითად ცდილობს, დააშოროს საკუთარი ქვეყანა დასავლეთს",  "პრემიერი ასეთ დროს უნდა გადადგეს"

25/09/2024 12:30:44 პოლიტიკა

ექსპერტები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ მიღებაზე მიწვევის გაუქმების ფაქტს ეხმიანებიან.

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, EPRC-ის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ "ამერიკა-საქართველოს ხელისულფლებებს შორის ურთიერთობები ამ შედეგამდე "ქართული ოცნების" პოლიტიკამ მიიყვანა".

იგი განმარტავს, რომ "მსგავს გადაწყვეტილებებს ამერიკა იღებს იმ ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც განგრძობითად ცდილობენ, შეუარცხყოფა მიაყენონ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს, განგრძობითად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დაშორდნენ, დააშორონ საკუთარი ქვეყანა დასავლეთს".

"ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სრულიად ადეკვატურად, იმ ფაქტების შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო დღეების მანძილზე, ეს იყო ამერიკის ელჩის და კობახიძის შეხვედრა, ეს იყო ბოლო რიტორიკა, რომელსაც ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების და ბოლო თვეების მანძილზე "ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან. ეს არის ძალიან მკაფიო, ძალიან ადეკვატური რეაგირება ჩვენი ამერიკელი მეგობრებისა", - განუცხადა მან "ტვ პირველს".

კიდევ ერთი ქართველი ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ "პრემიერი ასეთ დროს თანამდებობიდან უნდა გადადგეს".

"ეს არ არის ის აქტი, რომელიც მოულოდნელად მოხდა მათთვის [ "ქართული ოცნებისთვისთვის"]. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ელჩთან წინა დღეებში ასეთი საუბარი და ზოგადად ასეთი ლანძღვა-გინების კორიანტელი იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გვერდით გვიდგას, ამგვარი თავდასხმების შედეგი, რა შეიძლება, იყოს. ეს არის დიპლომატიური, ძალიან აკადემიური აქტი. პრემიერი ასეთ დროს უნდა გადადგეს", - განუცხადა მან "ტვ პირველს".

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაერო-ს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. მიწვეულთა სიაში თავდაპირველად ფიგურირებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიწვევა გაუუქმა.

მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების შესახებ ცნობა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.

მოგვიანებით, მოსაწვევის გაუქმება ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში აშშ–ის საელჩომ გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა დაასახელა.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“, – განუცხადა დიპლომატიურმა უწყებამ "მთავარ არხს".

შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, მიღებაზე, როგორც წესი, მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ლიდერები, გარდა ისეთი სახელმწიფოებისა, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.

გასულ წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძის წინამორბედმა, "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S