კალაძე დიპლომატიური უწყებების ნაწილს ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს: "კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები"
25/09/2024 13:20:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე დიპლომატიური უწყებების ნაწილს ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევაში ადანაშაულებს.
იგი ირწმუნება, რომ "კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები".
„პროცესები გარედან იმართება, არის პირდაპირი განცხადებები, მაგრამ ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. არის პირდაპირ ფაქტები, განცხადებები, ქმედებები. კონკრეტულ საელჩოებში იგეგმება საარჩევნო კამპანიები, რომელი პარტია ვისთან უნდა გაერთიანდეს, როგორ უნდა დაიშალონ და ა.შ. ყველაფერი ცხადია. რაც არ უნდა მოხდეს, ამის მიუხედავად, ქართველი ხალხი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ დავამთავრებთ ამ ქვეყანაში აგენტურას და იმ მოღალატეების ბოგინს, რომლებიც ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს აზიანებენ. ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივიღეთ, საქართველოს ხელისუფლება დაამთავრებს ევროკავშირში გაწევრიანებით“, - ირწმუნება კალაძე, თუმცა რომელ საელჩოებს გულისხმობდა, მას არ დაუკონკრეტებია.


