დარჩიაშვილი – კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე: "პარტნიორებს კიდევ ერთხელ აქვთ შესაძლებლობა, გადახედონ გადაწყვეტილებებს"
25/09/2024 16:54:12 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმების ფაქტს "სამწუხაროს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ "პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა აქვთ, გადახედონ გადაწყვეტილებებს".
"გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის მხრიდან არის მიღებული, ძალიან სამწუხაროა. საქართველოს ხელისუფლება, როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგისთვის და დღესაც იმავე პოზიციას ვინარჩუნებთ, მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა.
მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არ აქვს. არსებობს საკითხები, რომლებზეც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულება. დიალოგი და პარტნიორობა ჩვენ ვიცით სწორედ ამ მიმართულებით – როდესაც ღია, გულწრფელი დიალოგია. დიალოგი არის ერთადერთი გზა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოში ზოგიერთი მედიასაშუალება კვლავ დაკავებულია ტყუილის ტირაჟირებით, რაც ძალიან აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ტყუილის ტირაჟირებით ძალიან ზიანდება ქვეყანა და იმოქმედონ იმ სტანდარტებითა და წესებით, რაც ჟურნალისტიკაშია. ეს ტყუილები არის ერთდღიანი, ორდღიანი და საბოლოოდ ამას სხვა ეფექტი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები ზიანდება. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა აქვთ, გადახედონ გადაწყვეტილებებს. მინდა, დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის და დიალოგი პარტნიორებს შორის ურთიერთობების ერთ-ერთი გზაა. საუბარს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაერო-ს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. მიწვეულთა სიაში თავდაპირველად ფიგურირებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიწვევა გაუუქმა.
მიღებაზე კობახიძის მოსაწვევის გაუქმების შესახებ ცნობა თავდაპირველად „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა.
მოგვიანებით, მოსაწვევის გაუქმება ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ–ის საელჩომ გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-ის მიმართ უარყოფითი რიტორიკა დაასახელა.
"ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და უარყოფითი რიტორიკის გამო აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ“, – განუცხადა დიპლომატიურმა უწყებამ "მთავარ არხს".
შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, მიღებაზე, როგორც წესი, მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ლიდერები, გარდა ისეთი სახელმწიფოებისა, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.
გასულ წელს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძის წინამორბედმა, "ოცნების" მთავრობის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა რიგი ორმხრივი შეხვედრები გამართეს.


