საქართველო არ ფიგურირებს უკრაინის აღდგენა-რეკონსტრუქციის მხარდამჭერ დეკლარაციაზე ხელმომწერთა შორის
26/09/2024 07:11:59 პოლიტიკა
საქართველო არ მიუერთდა უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციას, რომელზეც 30-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი შეთანხმდნენ. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. მათ შორის საქართველო არ ფიგურირებს.
როგორც ცნობილია, 30-ზე მეტი ქვეყანა და ევროკავშირი შეთანხმდა, შეუერთდეს უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციას.
დეკლარაციის ძირითადი პუნქტები ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინის აღდგენაში ყოვლისმომცველი დახმარების გაწევას, მხარდაჭერის კოორდინაციას უკრაინული დონორთა პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფას წლის ბოლომდე დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ოდენობით გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან, რომლის ნაწილი თავდაცვის საჭიროებებს მოხმარდება.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაცია გამოქვეყნდება უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის ახლა და მომავალში. მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნები დაეხმარებიან უკრაინას ეკონომიკური მდგრადობიდან ეკონომიკურ აღორძინებაზე გადასვლაში. ჯოზეფ ბაიდენის განმარტებით, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის აღდგენაზე იმუშავებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ძალისხმევის კოორდინაციას უკრაინის დონორთა პლატფორმის მეშვეობით, ხელს შეუწყობს უკრაინის აღდგენას. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა წელს ხელშესახები უნდა გახდეს.


