კორონავირუსის გამო ჩინური საბირჟო ინდექსები რეკორდულად დაეცა
03/02/2020 09:47:44 მსოფლიო
საახალწლო არდადეგების შემდეგ ჩინურ ბირჟებზე ვაჭრობა რეკორდული ვარდნით დაიწყო და თითქმის 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირა.
The Financial Times ცნობით, დღეს დილით CSI ინდექსი 9%–ზე მეტით ეცემოდა, ინდექსი Shanghai Composite – 8%–ზე მეტად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნაა 2015 წლიდან.
ინვესტორები შეშფოთებულები არიან კორონავირუსის ეპიდემიით, რომლითაც მსოფლიო მასშტაბით უკვე 17 205 ადამიანია დაავადებული.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია. გუშინ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.
კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. ისინი კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ქვეყანაში სამი პაციენტი გადის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი".


