საია-მ საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
26/09/2024 08:51:41 პოლიტიკა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
საიას შეფასებთ, მძაფრი პოლარიზაციის ფონზე, საინფორმაციო სივრცე მოცული იყო მკვეთრი ურთიერთბრალდებებით - მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებსა და განცხადებებში პოლიტიკური ოპონენტების დემონიზებას ცდილობდნენ - მათ მოღალატეობრივ ქმედებებში ადანაშაულებდნენ და "გარედან მართულად" მოიხსენიებდნენ.
"ქართული ოცნება" იყენებდა "ანტიდასავლური რიტორიკას, ომისა და მშვიდობის საკითხებს, ანტი-ლგბტქ გზავნილებს და წინა ხელისუფლების დასჯის რიტორიკას. გარდა ამისა, გრძელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციის მიზნით წარმოებული კამპანია".
ანგარიშში საუბარია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც ანგარიშის მიხედვით, "მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას".
"დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას",- გამოდის შეხსენებით ორგანიზაცია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისგან საჯაროდ ამ ტიპის გზავნილების გავრცელება შემაშფოთებელია. მსგავსი რიტორიკა პრობლემურია, რადგან ის მიზნად ისახავს ოპონენტების სტიგმატიზაციას და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაღვივებას. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარი ხმის მნიშვნელობის შეგრძნება და არა იმის განცდა, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობა ფუჭია, რადგან მის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ, შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს".
ანგარიშში ასევე განხილულია სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის ფაქტი, როდესაც 21 აგვისტოს მცხეთაში, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე დასასწრებად "საჯარო მოხელეები, ადგილობრივ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირები და პედაგოგები" იკრიბებოდნენ, რაც საიას თქმით, "ცუდ პრაქტიკას ამკვიდრებს, ბუნდოვანს ხდის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ხელს უშლის თანასწორი, სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვას".
"მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, ეს პროცესი სცდება კანონმდებლობით დადგენილ ოფიციალურ პერიოდს და მოიცავს ყველა საქმიანობას, რომლებსაც მოქმედი მთავრობის წარმომადგენლები ახორციელებენ კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების ან კოალიციის მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ. ამას ადასტურებს ვენეციის კომისიაც.
შესაბამისად, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პარტიული ღონისძიებებისთვის მობილიზება და მათი, სავარაუდოდ, მოტყუებით ჩართვა, მათ შორის, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ცუდ პრაქტიკას ამკვიდრებს, ბუნდოვანს ხდის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ხელს უშლის თანასწორი, სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვას. ამდენად, მსგავსი შემთხვევები მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავს და არ შეესაბამება პარტიული, ადმინისტრაციული რესურსის გამიჯვნის პრინციპს". - წერია ანგარიშში.


