Accentnews.ge
მდინარაძე: "საკმაოდ რეალისტურია, "ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს"

მდინარაძე: "საკმაოდ რეალისტურია, "ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს"

26/09/2024 11:05:42 პოლიტიკა

ყველა ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგების საწინააღმდეგოდ, მმართველი გუნდი კვლავინდებურად ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების" მიერ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება "საკმაოდ რეალისტურია". შესაბამისი განცხადება ამჯერად პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

„წინა პერიოდისგან განსხვავებით (მაგალითად, 2020 წელს 150 კაციანი სია გვქონდა), ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ. უფრო მეტი - იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი თავიდანვე გადის. ჩვენ ობიექტური მოლოდინი გვაქვს არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების. არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ეს შეიძლება, ზედმეტად მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ოპოზიციიდან ბარიერს ვერ გადალახავს და ჩვენ რაც არის რეიტინგები, იმას მივიღებთ, საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ ვრცელი სია მოვიტანეთ" - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მდინარაძემ.

ამასთან, მან „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის" შედეგებზე დაყრდნობით გაიმეორა, რომ "მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-მდეა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მეორე ადგილზეა, ბარიერის გადალახვის შედარებით მეტი შანსი აქვს გვარამიას პარტიას, შედარებით ნაკლები - „ლელოს“, სხვა პარტიებს, მათ შორის გახარიას პარტიას კი, გარანტირებულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ“.

ამომრჩევლისადმი მიმართვისას კი მდინარაძემ კვლავ გამოიყენა "ოცნების" ცნობილი პროპაგანდისტული ნარატივები "მშვიდობისა და ომის", "ღირსების", "გადაწყვეტილებების თავად საქართველოს მიერ მიღების" შესახებ და განაცხადა:

"გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ობიექტური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს ღირსების მხარეს და იმის მხარეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს თავად და მხოლოდ საქართველოში. ამიერიდან ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა და არა სხვა ვინმემ ქვეყნის გარეთ. 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება“.

რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებული სრული პარტიული სიის დაკომპლექტების პრინციპს, მდინარაძემ ის ასე განმარტა:

„ოცეული“ წარვადგინეთ, ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში მოდიან დელეგატები ანბანური მაჩვენებლის მიხედვით, რომ იქ განსხვავება არ ყოფილიყო, როგორ უნდა გაგვერჩია ბათუმის წარმომადგენელი თელავის წარმომადგენლისგან. 50-მდე დაკომპლექტდა. წინასწარი შეთანხმებით ცნობილი იყო „ხალხის ძალის“ 5 დარჩენილი დეპუტატი, რომელიც არ არის „ოცეულში“ და 30 დელეგატში. ამის შემდეგ 56-დან იწყება ყველა ის დეპუტატი, რომელიც რჩება უმრავლესობაში. ქალბატონი ირმაც, რიმაც, ბატონი ირაკლი ზარქუაც და ა.შ. ეს სია არის 93-მდე. 93-დან ყველა არის ახალი სახე, მათ შორის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვისაა საკმარისი შემდეგი ოცეული. როგორც საზოგადოებას დავპირდით, ასევე ძალიან შთამბეჭდავი სიაა ის ოცეული, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობამდეა და მას შემდეგაც. ასე, რომ მთელი საარჩევნო სია აგებულია გარკვეულ პრინციპებზე. ძალიან მიხარია, ისეთი ხალხი მოხვდა ამ სიაში. დარწმუნებული ვარ, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან და პირველ-მეორე სხდომაზე პარლამენტში შემოვლენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დეპუტატობის 170 კანდიდატია წარმოდგენილი და მას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობიდან ახალ სიაში 14 დეპუტატი აღარ ფიგურირებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S