PACE: "საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია"
26/09/2024 14:08:43 პოლიტიკა
„თავისუფალი არჩევნები ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად მნიშვნელოვანია", – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მისი ცნობით, PACE–ს წინასაარჩევნო დელეგაციამ, რომელსაც იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობდა, საქართველოში ორდღიანი (23-24 სექტემბერი 2024) ვიზიტი დაასრულა.
PACE–ს ინფორმაციით, იულიან ბულაიმ აღნიშნა, რომ "ოქტომბრის არჩევნები იმართება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ტრაექტორიისთვის გადამწყვეტ დროს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ლეგიტიმურად აღიქმება ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს კანონიერი ადგილის დასაცავად".
"ჩვენი დელეგაცია შეშფოთებულია, რომ პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის ტრაექტორიაზე დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. ვიზიარებ დელეგაციასთან შეხვედრებში მონაწილე პირების წუხილს დემონსტრაციების დარბევასთან და განსხვავებული აზრის გამოხატვის დევნასთან დაკავშირებით, რადგან დემონსტრაციებიც და განსხვავებული აზის გამოხატვაც სრულიად ლეგიტიმურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ხელისუფლებას მოეთხოვება ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მოქმედება, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და ძალადობის შემთხვევების დროული და სიღრმისეული გამოძიება.
ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ ოპოზიციის წევრების შევიწროების შესახებ ბრალდებებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარით, დაშინებითა და სიძულვილის ენით. მე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ეს ბრალდებები. მე ვგმობ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემაშფოთებელ ეფექტს აქტივისტებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ასამბლეის მოთხოვნას ამ კანონის გაუქმების შესახებ, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან", – აცხადებს ბულაი.
ამასთან, იგი გამოხატავს შეშფოთებას ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაციების გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების შესახებ და აღნიშნავს, რომ "ამას მსუსხავი ეფექტი ექნება ადგილობრივ დამკვირვებლებზე".
გარდა ამისა, განცხადებაში უარყოფითადაა შეფასებული გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილება:
"ამან შეიძლება, საზიანო გავლენა იქონიოს ქალთა მონაწილეობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, უზრუნველყონ, რომ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს წარმოდგენილი პარტიულ სიებში“.
ბულაი კრიტიკულად საუბრობს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე და მაღალ საარჩევნო ბარიერზე:
"ეს არჩევნები იქნება პირველი საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ხუთპროცენტიანი ბარიერისა (ამ უკანასკნელის დაწევაზე რიგი მოლაპარაკებების და პირობითი შეთანხმებების მიუხედავად) და საარჩევნო ბლოკების აკრძალვის კომბინირებულმა ეფექტმა შესაძლოა შეასუსტოს ამ 2017 წეეს მიღებული მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტი. ასამბლეისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ხნის რეკომენდაციაა, პარლამენტში პლურალიზმის გაზრდა, პარლამენტის გაძლიერება და სუპერ უმრავლესობების თავიდან აცილება, რაც თავის მხრივ კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს".
PACE-ს დელეგაცია მიესალმება ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვას, რომლის მეშვეობით არჩევნების წინასწარი შედეგების სწრაფად გამოქვეყნება გახდება შესაძლებელი, "რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არჩევნების დღეს დაძაბულობის შემცირებას". ამასთან როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს "ცესკო არამარტო მიუკერძოებლად უნდა მოქმედებდეს, არამედ მიუკერძოებლად უნდა აღიქმებოდეს კიდეც".
"კანონმდებლობასა და შიდა წესებში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა შეიძლება შეარყიოს საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა. რამდენიმე თანამოსაუბრემ ასევე დაისვა კითხვები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო უბნებზე წვდომის შესახებ“, - განაცხადა ბულაიმ.
ამასთან, იგი "პოლიტიზებულ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მედიაზე" საუბრობს.
"ჩვენ ასევე გვსურს გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება პოლიტიზირებული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ. ჩვენ მოვისმინეთ შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე ზეწოლის შესახებ, რაც გავლენას მოახდენს თანაბარ პირობებზე. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პლურალიზმის შელახვის რიტორიკისაგან, როგორიცაა ოპოზიციის აკრძალვის მოწოდება, რაც სერიოზულად შეაფერხებს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს", – დასძინა ბულაიმ.


