ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნებისთვის სია 19-მა პარტიამ წარადგინა
26/09/2024 16:46:04 პოლიტიკა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიული სიების წარდგენის პროცესი დღეს დასრულდა. როგორც ცესკო–ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ჯამში 19-მა პარტიამ წარადგინა პარტიული სია, მათგან ერთის სია უკვე რეგისტრირებულია, დანარჩენი კი რეგისტრაციის პროცესშია.
ცესკო პარტიების ჩამონათვალს ჯერ–ჯერობით არ აზუსტებს. როგორც საარჩევნო კომისიაში განმარტეს, სიები დამუშავებას საჭიროებს.
„სიების დამუშავების შემდეგ, არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა, იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი პარტიული სია გატარდა რეგისტრაციაში, შესაბამისად, ვის ექნება 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.
სიასთან ერთად ცესკოში დეპუტატობის კანდიდატების ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები წარადგინეს, რომლებიც მოგვიანებით ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდება.
პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ დეპუტატობის კანდიდატების სიები 26 სექტემბერს გამოაქვეყნა, თუმცა ნაწილმა პრეზენტაცია უფრო ადრე გამართა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.


