მას, ვინც ინტერესდება, რატომ არ ახსენა გაეროს ტრიბუნიდან კობახიძემ რუსეთი, იუსტიციის მინისტრი ურჩევს, "თავიდან ბოლომდე მოუსმინოს პრემიერის გამოსვლას"
26/09/2024 17:30:51 პოლიტიკა
მას, ვინც ინტერესდება, რატომ არ ახსენა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსეთი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ურჩევს, "თავიდან ბოლომდე მოუსმინოს პრემიერის გამოსვლას".
კითხვაზე, რატომ არ მოიხსენია პრემიერმა რუსეთი როგორც ოკუპანტი ქვეყანა, ბრეგაძემ, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, შემდეგი განაცხადა:
„მე დავსვამ კითხვას: ვის აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული? - რუსეთს. ვინმე რა რამე სხვას ამბობს? ვინმე ამბობს რომ სხვა სახელმწიფოს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული თუ რუსეთს არ აქვს ოკუპირებული? ოდესმე სხვა რამე გაგიგიათ? თავიდან ბოლომდე მოუსმინეთ პრემიერის გამოსვლას და ნახავთ რას ეძღვნებოდა ეს გამოსვლა. ის, რომ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული ეს არის დადასტურებული ფაქტი, რაც შესაძლებელი გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდა მოგვეგო სახელმწიფოთა შორის დავა სტრასბურგის სასამართლოში. მთელი მსოფლიოს წინაშე დაგვეცვა გმირი ქართველი სამხედროები და გვეჩვენებინა მათი სიმართლე, მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა ითქვას - დიახ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული - ჩვენ გავაკეთეთ ეს და ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს. ამაზე პასუხი მარტივია, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე სამწუხაროდ ოკუპირებული აქვს რუსეთს, დაამტკიცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი მსოფლიოს წინაშე, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდნენ მძინარე ცხინვალის დაბომბვას".


