კობახიძე "სპეკულაციას" უწოდებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ემიგრანტებისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცნობებს
27/09/2024 07:14:09 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "სპეკულაციას" უწოდებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ემიგრანტებისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცნობებს. ამის შესახებ არაერთმა ემიგრანტმა ისაუბრა.
„საარჩევნო რეგისტრაციას რომ გაივლის ადამიანი, ის რეგისტრაცია ვერ გაუქმდება, თუ საბუთები არის წესრიგში. რას ჰქვია განახევრდა ?! არავითარი აცდენა არ არის, რეგისტრაცია ხორციელდება კანონის სრული დაცვით. ყველა კითხვით შეგიძლიათ მიმართოთ ცესკოს და ცესკო გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. გამორიცხულია ადამიანი დარეგისტრირდეს საარჩევნოდ, მას ეკუთვნოდეს საარჩევნო რეგისტრაცია და ვინმემ გაუუქმოს ეს რეგისტრაცია, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია.
რაც შეეხება უბანს, უბნის გახსნის პრინციპიც ჩადებულია კანონში, რამდენ ამომრჩეველზე იხსნება ერთი უბანი, ეს არის გაწერილი. თუ გადააჭარბებს მაქსიმუმს, ამ შემთხვევაში იხსნება დამატებითი უბანი. ყველაფერი არის კანონში გაწერილი. ყველაფერი გაწერილია კანონით უკვე 30 წელია და ეს კანონი არასდროს არ გამხდარა განხილვის საგანი, ცესკო მიჰყვება კანონს, შესაბამისად, სპეკულაციებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მხოლოდ ელექტრონულად, 128 000-მა მოქალაქემ გაიარა საკონსულოში რეგისტრაცია. 9 აგვისტოს 67 000 მოქალაქე - 18 წლის ასაკს მიღწეული პირი იდგა საკონსულო აღრიცხვაზე და ცესკო-მ გამოაქვეყნა მონაცემი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 65 000 ამომრჩეველი იდგა საკონსულო აღრიცხვაზე.


