კობახიძე ერთის მხრივ, აღიარებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებაში რუსეთია დამნაშავე, მეორეს მხრივ, იმეორებს ენმ-სადმი ბრალდებას
27/09/2024 07:36:43 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთის მხრივ, აღიარებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებაში რუსეთი დამნაშავეა, მეორეს მხრივ, იმეორებს "ქართული ოცნების" მიერ ბოლო თვეებში ინტენსიურად შემოთავაზებულ ნარატივს, რომელიც ომის გაჩაღებაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას" ადანაშაულებს და თანხვედრაშია რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებთან.
„რუსეთი რატომ არ შემოვიდა საქართველოში 2022 წელს? ახსნა გაქვთ? ჩვენ გადავარჩინეთ, დიახ! ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, ჩვენ რომ გავყოლოდით იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებდნენ არა მარტო უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რუსეთი იქნებოდა საქართველოში შემოსული 2022 წელს.
გარანტიას გაძლევთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებში, თეორიულად რომ დავუშვათ, ერთ კვირაში გახსნიან მეორე ფრონტს ამ ქვეყანაში.
2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რაც მოგვიანებით აღიარა ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით. საქართველოს არ დაუწყია ომი, 2008 წელს სააკაშვილმა გააყალბა საპრეზიდენტო არჩევნები და ამის შემდეგ სააკაშვილის არალეგიტიმურმა რეჟიმმა დაიწყო ომი აგვისტოში. ეს იყო რეალობა, რასაც ხელი მოაწერა თვითონ, მთელმა პარტიამ,“ - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რუსეთი არის თუ არა დამნაშავე ომის დაწყებაში, პრემიერი პასუხობს:
„ომში დამნაშავე როგორ არ არის. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა, მაგრამ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით ხელი მოაწერა, როდესაც შეუერთდა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ წერია, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ამას მოჰყვა რუსეთის საპასუხო იერიში. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აქტი, რაც განახორციელა სააკაშვილის რეჟიმმა“.


