გახარია: სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთთან შეთანხმება, რომელიც მხოლოდ საქართველოს მთავრობამ დაიცვა
27/09/2024 11:45:42 პოლიტიკა
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და მალევე (დროებით) „დაიკარგა” მთლიანად აფხაზეთიც,- ეხმიანება სოხუმის დაცემის დღეს "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია.
ის იხსენებს, რომ სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთთან სოჭში, 27 ივლისს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მხოლოდ საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ დაიცვა.
"შეთანხმების საფუძველზე ქართველებმა მძიმე სამხედრო ტექნიკა კონფლიქტის ზონიდან გაიყვანეს, რუსეთმა კი შეთანხმებით ისარგებლა, მორიგჯერ მოატყუა ყველა და 16 სექტემბერს იერიში მიიტანა სოხუმზე და მის შემოგარენზე. ამას მოყვა ჰუმანიტარული კატასტროფა და ქართველების ეთნიკური წმენდა. ადამიანებმა ვერ მოასწრეს სახლების დატოვება, ზოგი ადგილზე დახვრიტეს, ზოგიც - გაქცევისას მოკლეს.
ქალაქი იდგა 27 სექტემბრამდე წარმოუდგენელი გმირების და გმირობის მაგალითებით. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული ეპიზოდი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და ვინ მოკავშირე!",- ამბობს გახარია.


