სტანო: შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით
27/09/2024 12:02:55 პოლიტიკა
ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ და მისი ხელმძღვანელობა „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მოქონე სუბიექტებად“ ცნოს. სტანოს საკითხთან დაკავშირებით „ფორმულამ“ ჰკითხა.
სტანო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა.
„შეშფოთებული ვართ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნოს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, ეკა გიგაური, აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები. ჩვენ გვესმის, ახლა გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მხოლოდ ერთი თვეა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის არჩევნებისა და მათი მონიტორინგის კონტექსტში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მთავრობისადმი, აღადგინოს ხელის შემწყობი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის. კერძოდ, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს სრული პოლიტიკური ოპერატიული დამოუკიდებლობა, მათ შორის ამ კუთხით ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით“, – ნათქვამია კომენტარში.
24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" აცხადებს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "აირჩიე ევროპას". ბიურო ამ ორგანიზაციების დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის."
ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ.


