ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნება“ ცდილობს, „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს"
30/09/2024 12:02:34 პოლიტიკა
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს".
„გვინდა არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოვეხმაუროთ. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს, კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არჩევნების დაკვირვების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. თუმცა „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ყოველ ჯერზე „რუსული კანონის“ ინიცირების, რეპრესიების, დაშინების ზუსტად საპირისპირო ეფექტი მიიღო - შეკრული საზოგადოება, ღირსეული საზოგადოება, რომელიც ერთად ევროპული არჩევანის სადარაჯოზე დგას. ზუსტად, ასე ხდება ახლაც. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღირსეული განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“, რომელიც როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით ახლაც ამბობს, რომ „რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ რუსულ მექანიზმებს არ აღიარებენ და მათ გამონახული აქვთ გზა, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ არჩევნებს“, აუცილებლად, არჩევნებს დააკვირდებიან. უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი - საქართველოს მოქალაქეები დააკვირდებიან და ამ არჩევნების სამართლიანობას გააკონტროლებენ.
ბიძინა ივანიშვილს არ ესმის ერთი რამე, რომ მას საქმე აქვს არა პოლიტიკურ პარტიებთან, არა ორგანიზაციებთან, არა ცალკეულ პოლიტიკოსებთან, არამედ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებსაც მიღებული აქვთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა ევროპული იქნება. სრული მხარდაჭერა ეკა გიგაურს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ყველა იმ ორგანიზაციას, ადამიანს, რომელიც ჩვენს არჩევანს 26 ოქტომბერს დაიცავს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან.
TI–ს ინფორმაციით, ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.


