კალაძემ ივანიშვილის ფულზე "სიმართლის თქმა" კვლავ მომავლისთვის გადადო
01/10/2024 09:23:28 პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად უჩერებენ თანხებს, ის არის დე ფაქტო სანქცირებული - მიდის მისი პოლიტიკური შანტაჟი, ამის დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ის იმეორებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ბედით აშანტაჟებენ და აღნიშნავს, რომ „ქვეყნის ინტერესები არ ითმობა“.
„ძალიან მარტივია. ეს თანხები არის მისი საკუთრება. ადამიანმა მოიგო სასამართლო ბერმუდაში, სინგაპურში. გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს? რატომ არ უბრუნებს ადამიანს? ბიძინა ივანიშვილო არის დე ფაქტო სანქცირებული, იმიტომ, რომ მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით. აშანტაჟებენ იმით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, არ ითმობა ქვეყნის ინტერესები. ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, მშვიდობას. არანაირი სანქციები, არანაირი პირადი კეთილდღეობა. ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ კარგად. მერწმუნეთ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ქვეყნის საწინააღმდეგო. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს.
კაცმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. უჩერებენ თანხებს. მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა ვისაუბრო სხვადასხვა დეტალებზე, თუმცა ამის დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიტყვით და გამოვიტანთ სააშკარაოზე,“ - განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ დაკისრებია, თუმცა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშაა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს „აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო“, მაგრამ ეს ფული „აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, რომ ივანიშვილი არაოფიციალურად უკვე სანქცირებულია და სწორედ ამიტომ ივანიშვილმა უარი არაერთ საერთაშორისო პარტნიორს შეხვედრაზე.
გულისხმობენ შვეიცარიულ კერძო ბანკ Credit Suisse-ს, რომელთანაც სასამართლო დავა აქვს. ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ში მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
საქართველოში აშშ-ის საელჩო მ კიდევ ერთხელ შეახსენა ბიძინა ივანიშვილს, რეალურად სად უნდა გაარკვიოს მისი რესურსების ბედი:
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის“,- აღნიშნავენ საელჩოში და სვამენ კითხვას, "რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?".


