ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მის მიმართ ბრალდებებზე: "ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი"
01/10/2024 09:44:47 პოლიტიკა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ ბიუროს გადაწყვეტილება რეპრესიული არ არის.
მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება "სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმაა".
"დიახ, ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი. ის, რომ ამ გადაწყვეტილებას ვეძახით რეპრესიულს, ცოტა გასაკვირია. მოვისმინე ქალბატონი ეკა გიგაურის განცხადება, მიმაჩნია, რომ ეს არის სამართლის უზენაესობის პრინციპებზე თავდასხმა. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. არ არსებობს არგუმენტები იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც არის ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან მიღებული. შესაბამისად, ახლა აირჩიეს გზა, რომელიც არის კანონის უზენაესობაზე თავდასხმა. ეს არ არის არც ევროპული და არც დასავლური სტანდარტი", – განაუცხადა მან "ტვ პირველს".
ცნობისთვის: “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" (TI) გუშინ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გამო ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან. TI–ს ინფორმაციით, ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.
24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ "ორ არასამთავრობო ორგანიზაციას – "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "აირჩიე ევროპას", ასევე მათ ხელმძღვანელებს "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" აცხადებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას. მათი ცნობით, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება, იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი.
1 ოქტომბერს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება PACE–მაც გააკრიტიკა:
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იძულებული გახდა, დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო ოპერაციები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ეს სამოქალაქო საზოგადოება და მისი დირექტორი "საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" გამოაცხადდა.
როგორც ჩანს, ეს ადასტურებს ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ "სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება, შესაძლოა, ვეღარ შეძლონ არჩევნებზე დაკვირვება". ეს მიუღებელია და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიცვან ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყონ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ისევე, როგორც სხვა პატივსაცემმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეძლონ ამ არჩევნებზე დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე დაკვირვება".


