ზურაბიშვილი - რუტეს: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ
01/10/2024 10:59:31 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
„მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ახალი თანამდებობა რუტეს მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც:
„მარკ რუტეს ვულოცავ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-14 გენერალურ მდივნად დანიშვნას. წარმატებებს ვუსურვებ მას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო, როგორც ნატო-ს საერთაშორისო ოპერაციების აქტიური მონაწილე, სანდო და მტკიცე პარტნიორი, მზადაა, გააგრძელოს ალიანსის მხარდაჭერა, გააღრმაოს არსებული თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.
შეგახსენებთ, მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.


