წილოსანი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: „ქურდს ქუდი ეწვისო“
01/10/2024 11:30:52 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანი 1 ოქტომბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან.
„მართალი გითხრათ, არ მახსენდება, სადმე თუ კონკრეტულად ყოფილიყო ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური მხარე ნახსენები. ამიტომ ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად აშშ-ის საელჩომ რატომ დააიდენტიფიცირა თავი მხარედ და რატომ გადაწყვიტა, რომ მას მიემართებოდა ამ თანხების გაყინვის ბრალდება. ერთადერთი ქართული ანდაზა მახსენდება: „ქურდს ქუდი ეწვისო“. საოცრად მიკვირს ეს განცხადება საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული და იმედი მაქვს, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს მათი მხრიდან და გარკვეულ შეცდომით გადადგმულ, ასე ვთქვათ, ნაბიჯს აქვს ადგილი“, - თქვა ამასთან დაკავშირებით წილოსანმა.
მმართველი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ დაკისრებია, თუმცა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშაა. გულისხმობენ შვეიცარიულ კერძო ბანკ Credit Suisse-ს, რომელთანაც სასამართლო დავა აქვს. ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ში მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია. ივანიშვილი აცხადებს, რომ დაზარალდა ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის ქმედებებით. პატრის ლესკოდრონი 2018 წელს გაასამართლეს თაღლითობის გამო. ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ ის 2019 წელს გაათავისუფლეს, 2020 წლის ივლისში მან თავი მოიკლა. Credit Suisse-ის ოფიციალური პოზიციაა, რომ ბანკს არ ჰქონია თანამშრომლის თაღლითობის შესახებ ინფორმაცია და რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა.
სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივ „შვილობილ“ კომპანიას დააკისრა 742,7 მილიონი დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბანკმა დაარღვია აქტივების დაცვის ვალდებულებები.
სასამართლომ საქმეზე პირველი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მიიღო. მაშინ ზარალი 926 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა შემდეგ მოხდა თანხის კორექტირება, რათა თავიდან აეცილებინათ თანხის ორმაგი ანაზღაურება. 2022 წელს ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ამავე საქმეში შვეიცარიულ კომპანიას 600 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. Credit Suisse აპირებს სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 13 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს „აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო“, მაგრამ ეს ფული „აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, რომ ივანიშვილი არაოფიციალურად უკვე სანქცირებულია და სწორედ ამიტომ ივანიშვილმა უარი არაერთ საერთაშორისო პარტნიორს შეხვედრაზე.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს რამდენიმე იურისდიქციაში ედავება. თანხა, რომელსაც ივანიშვილი ითხოვს, დაახლოებით 800 მილიონი დოლარია. ივანიშვილი აცხადებს, რომ დაზარალდა ფინანსისტ პატრის ლესკოდრონის ქმედებებით.
ქართველი მილიარდერის თანახმად, მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი Credit Suisse-ში 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
13 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს, შეხვედრაზე უარი უთხრა. მან მიზეზად ივანიშვილისთვის დაწესებული დე ფაქტო სანქციები დაასახელა. საქმე ეხება თანხას, რომელსაც ივანიშვილი Credit Suisse-ს ედავება.
„ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს“, - თქვა კობახიძემ.


