ზურაბიშვილი: "არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია"
01/10/2024 13:37:54 პოლიტიკა
"არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ვარშავის უსაფრთხოების სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა იგი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებები გაიმარჯვებს, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
"საქართველოში ყოველთვის იყვნენ და არიან დემოკრატიული, პროევროპული ძალები, ისინი ყოველთვის წარმოადგენდნენ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ იციან, სად არის ჩვენი მომავალი, მათ იციან, რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. რუსეთის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, რომ შეცვალოს საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს მოსახლეობის 80% წლების განმავლობაში მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. არჩევნები, რომელიც ჩვენთან 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, განმსაზღვრელი იქნება. არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენს მომავალს ასევე იცავს უკრაინა, რადგან ის იბრძვის, როგორც საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის, ის ასევე იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის და ევროპის მომავალი განისაზღვრება უკრაინის ომის შედეგით, მოლდოვის არჩევნების შედეგებით და საქართველოს არჩევნების შედეგებით. ეს განსაზღვრავს, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოებას და შავი ზღვის, როგორც თანამშრომლობის ზღვის, როგორც მშვიდობისა და დაკავშირებადობის ზღვის მომავალს. ეს განსაზღვრავს ევროპის როლს კავკასიაში. ეს განსაზღვრავს სომხეთის მომავალს, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზას ადგას. ასე რომ, ყველაფერი, რაც ამ დღეებში სასწორზე დევს, ძალიან მნიშვნელოვანია“.


