Accentnews.ge
ივანიშვილი განმარტავს, როდიდან განაახლებს შეხვედრებს ამერიკელ პოლიტიკოსებთან

ივანიშვილი განმარტავს, როდიდან განაახლებს შეხვედრებს ამერიკელ პოლიტიკოსებთან

01/10/2024 14:05:52 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ეხმიანება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით.

განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის განმარტავს, როდიდან განაახლებს შეხვედრეებს ამერიკელ პოლიტიკოსებთან:

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა შემდეგი შინაარსის ბანერი: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, ამ ბანერს განცხადებით გამოვეხმაუროთ.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც „ქართული ოცნების“ რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ.

როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც „კრედიტ სუისმა“ თანხის არგადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა. მეტიც, არაერთგზის დავაზუსტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ ვგულისხმობდით, თუმცა, იქვე ვაკონკრეტებდით, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია.

ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო", – აცხადებს ივანიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S