PACE ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმება
02/10/2024 13:03:35 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE ) ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმება.
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC), ასევე ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც აკვირდება საქართველოს მომავალ არჩევნებს, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) მიესალმებიან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად გამოცხადების შესახებ", - PACE–ს აღნიშნულია განცხადებაში.
24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ მიიჩნია. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ამ მიზეზით ვეღარ დააკვირდებოდნენ მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
1 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების მოწოდებით მიმართა. პრემიერი მიზანშეწონილად მიიჩნევდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და სხვა ორგანიზაციებს მოხსნოდათ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მინიჭებული „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი.
მანამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ღრმა შეშფოთება გამოხატა ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ორგანიზაცია დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ისე, როგორც ამას 24 წლის განმავლობაში აკეთებდა ყველა არჩევნებზე.
ეკა გიგაური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის მიერ 2 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს "ტყუილს", ხოლო დამდგარ შედეგს "ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვებას" უწოდებს.


